საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს, ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას, ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის ევროინტეგრაციას - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

უკვე ერთი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. მოსამართლეთა კოლეგია კვლავ ნიკა გვარამიას უსმენს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები, ახსნა-განმარტების ეტაპზე, საკუთარი პოზიციების წარდგენას დღესაც განაგრძობენ.

ოპოზიციის მოსაზრებებსა და ბრალდებებს უარგუმენტოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გვარამია აკრიტიკებს ხელისუფლებას, თუმცა კონკრეტულად არაფერს ამბობს სარჩელში მისი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია მოსამართლეების მისამართით სანქციებითაც იმუქრება და ამტკიცებს, რომ პარტიების გაუქმება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას გამოიწვევს.

"შევეცდები დავასაბუთო, რომ თქვენი გადაწყვეტილება ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს და კონსტიტუციის 78-ე მუხლი თქვენთვის არის სახელმძღვანელო, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების მიღებისას. 78-ე მუხლი არა მხოლოდ ზომების მიღებას გვავალდებულებს თავისი იმპერატიული დავალებით, არამედ უპირველეს ყოვლისა, ისეთი ზომების მიღებას კრძალავს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის.

და, დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ ორი არჩევანი აქვს - ან გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის უარი პარტიების აკრძალვაზე ან გადაწყვეტილება, რომელიც დაანგრევს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს არის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია თავის გადაწყვეტილებებში სწორედ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანაწესით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

✕