სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწინდებურად მაღალ დონეზე განაგრძობს მის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებზე მუშაობას - ანრი ოხანაშვილი

ქართული ოცნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწინდებურად მაღალ დონეზე განაგრძობს მის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებზე მუშაობას, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, ყურადღება დაეთმობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას, სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების გაუმჯობესებას.

„ამ თვალსაზრისით ყურადღება დაეთმობა აგრეთვე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ადამიანური რესურსითა და ტექნოლოგიური აღჭურვილობით კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია აღნიშნული სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.

ამრიგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწინდებურად მაღალ დონეზე განაგრძობს მის უფლებამოსილებებში შემავალ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც მოიცავს მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონტრდაზვერვით, ოპერატიულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ საქმიანობასთან, ჰიბრიდული საფრთხეების, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს.

რასაკვირველია მნიშვნელოვანია სამსახურის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება, რომელიც ყველა სათანადო ფორმატში განხორციელება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.