სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" გახსნას დაესწრო

ბი

 სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის "ნიქოზის" გახსნას დაესწრო.

თეა ახვლედიანმა მეცამეტე ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა სოფელ ნიქოზში საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშვიდობის შენებისა და ომით დაშორებულ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში, ხელოვნებისა და მსგავსი კულტურული ღონისძიებების როლზე გაამახვილა ყურადღება.

თეა ახვლედიანმა, როგორც ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერი უწყების ხელმძღვანელმა, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლას ფესტივალის ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

"ნიქოზის საერთაშორისო ფესტივალი წელს ეძღვნება საქართველოს ისტორიული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და სწორედ ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებით და მშვიდობის მშენებლობის რწმენით გახდა შესაძლებელი ფესტივალის სულის ჩამდგმელებისთვის ეს ადგილი ომის ნანგრევებიდან ექციათ კულტურული განვითარების ცენტრად და ერთგვარ სამშვიდობო გზავნილად საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს. ჩვენი საზოგადოების ოსი და აფხაზი წევრებისთვისაც მჯერა, თანაბრად მნიშვნელოვანია მშვიდობის განმტკიცება და ღირსეული მომავლის შექმნა, რასაც ემსახურება ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები და სახელმწიფო პოლიტიკა, რათა ნდობის აღდგენითა და მშვიდობის განმტკიცებით, შერიგებით შევძლოთ, რომ დავძლიოთ საერთო ტკივილი, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი, ერთად დავიცვათ საერთო ისტორია და კულტურა, და ერთად ავაშენოთ ჩვენი საერთო მომავალი", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ფესტივალის გახსნით ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიქოზის ფესტივალზე, რომელიც 2011 წლიდან იმართება, სტუმრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც 11-16 ოქტომბერს ჩატარდება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ფილმების ჩვენება, გამოფენები, კლასიკური მუსიკის საღამოები და ფოლკლორული კონცერტების გამართვაა დაგეგმილი.

✕