სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, კანონდამრღვევების მიმართ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ სსკ 222-ე მუხლი, რომელიც 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - შს მინისტრი

გომელაური

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებისთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაში აქციამ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღოს.

„გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს. გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა მინისტრმა.