საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინ, სად ინიშნება უკრაინაში და მითუმეტეს, კონტრდაზვერვაში?! - პაპუაშვილი გია ლორთქიფანიძის დანიშვნაზე

"საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინ, სად ინიშნება უკრაინაში და მითუმეტეს, კონტრდაზვერვაში?! თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

„არ ვიცი ეს რამდენად დადასტურებული ინფორმაციაა. გასაკვირია, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აჟღერებს ამ ინფორმაციას. საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვინ, სად ინიშნება უკრაინაში და მითუმეტეს, კონტრდაზვერვაში?! თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია, რადგან ვიცით, რომ გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია. მათ შორის, არსებობს ჩვენებები იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვაში. ასევე, თუ არ ვცდები, არსებობდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვით აქ ქვეყნის არევის. თავისთავად, ადამიანი, რომელიც ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, ეს არ არის სასიამოვნო.

გარდა ამისა, ამ დღეებში ჩვენ ვხედავდით ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, რომელიც უკრაინაში არის გენერალური პროკურორის მრჩეველი, რომელიც არ არის სასიამოვნო. თუმცა ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რამენაირად კრიტიკული ვიყოთ ამ კუთხით, გვესმის, რომ არის რთული და ტრაგიკული მდგომარეობა უკრაინაში, ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის. ახლა არ არის დრო ამ საკითხზე საუბრის და განხილვის, თუმცა დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი დაინიშნა ასეთ მაღალ თანამდებობაზე, თუ ეს მართალია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.