საგრანტო პროგრამა, რომელსაც მთავრობა გამოსცემს, იქნება ყველა იმ კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდასაჭერად, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესს გაატარებს - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები შეაფასა.

„ვათვითცნობიერებთ, რომ ამ სექტორს თავისი კეთილშობილური იდეების, პროექტების განსახორციელებლად სჭირდება დაფინანსება და ამ დაფინანსების მოძიებისთვის ისინი არ უნდა ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნების გარკვეულ გავლენებს. საგრანტო პროგრამა, რომელსაც მთავრობა გამოსცემს, იქნება ყველა იმ კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდასაჭერად, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესს გაატარებს, რომელიც ემსახურება იმ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, რომლებზეც აუცილებლად უნდა იზრუნოს სწორედაც რომ სამოქალაქო სექტორმა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

აღნიშნული ცვლილების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, „მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც შევა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან“.