საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ლევან მახაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

პროექტის მიხედვით, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. მომხსენებლის განმარტებით, საკითხის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

მისი თქმით, კანონპროექტიდან ამოღებულია ტერმინი და ჩანაწერი E-VISA PORTAL. ის ჩანაცვლდება ჩანაწერით - „სპეციალური ვებ-გვერდი“. კანონპროექტში ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღება. როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, ნაცვლად ვიზის გაცემაზე უარის გასაჩივრების ბლანკეტური შეზღუდვისა, შეზღუდვა შეეხება მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს, რომელზეც შესაბამისი სამსახურების მიერ სპეციალური დასკვნა მომზადდება. ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების დასაბუთება არ იქნება საჭირო.

მომხსენებლის განმარტებით, C5 კატეგორიის ვიზის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთების საჭიროების არარსებობის საფუძვლად განისაზღვრება კიდევ ერთი, ახალი საფუძველი - სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

„ქვეყანა გახსნილია ახალი, დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანი ადამიანების მოსაზიდად, რათა ჩვენი ეკონომიკა, ტურიზმი, მომსახურების სერვისი წაახალისოს. ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, გაჩნდეს საფუძველი, რითაც სახელმწიფოს გაუმარტივდება, მათ შორის, ამ პოლიტიკის უფრო ეფექტიანი მართვა თითოეული იმ რისკის გათვალისწინებით, რაც შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში მიგრაციული ნაკადების გათვალისწინებით“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონებში, რომლის თანახმად, C5 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის მოსაკრებელი და ბაჟი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით.