საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. პროექტი დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა და განმარტა, რომ საუბარია ახალ ნორმებზე სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ეთიკისა და ქცევის წესების კუთხით. წესების ისეთი დარღვევა, რამაც შესაძლოა ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა გამოიწვიოს, პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება. გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის და პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელება 1 წლამდე, ნაცვლად 6 თვისა.

“იმ შემთხვევაში, თუ მივლინებული პირის ქმედება ვერ ამართლებს მისი მივლინების მიზანს, მიზანშეწონილია კანონი ითვალისწინებდეს ასეთი პირის ვადაზე ადრე გამოწვევის შესაძლებლობას. კანონპროექტით შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტის დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურად მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებაში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.