ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი. ერთი არის სამართლებრივი შეფასება და რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის მართლაც სისხლიანი 9 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სადაც ხდებოდა სისტემურად წამება და გაუპატიურება, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ქუჩაში სისტემური ხოცვა, სადაც ხდებოდა ბიზნესის სისტემური რეკეტი, ხორციელდებოდა მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი მათი შემდგომში დაშანტაჟების მიზნით, ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ა.შ. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ დაპირების შესრულებას მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აპირებდა, თუმცა, მისივე განცხადებით, ქვეყნის არაკეთილმოსურნე გარე ლობისტური ჯგუფების აზრი უკვე ნაკლებად საინტერესოა და შესაბამისად, წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს საგამოძიებო კომისია შეისწავლის.
"ეს დაუსჯელი, რა თქმა უნდა, არ უნდა დარჩეს და როგორც ჩვენ განვაცხადეთ, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში ჩამოყალიბდება კომისია და ეს კომისია 6 თვე იმუშავებს ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ რეკომენდაციებს წარუდგენს პროკურატურას და ყველა შესაბამის უწყებას. ეს არის ერთი მიზანი, რაც ჩვენს ამომრჩეველს დავპირდით წინასაარჩევნოდ. ჩვენი ეს დაპირება გულისხმობდა, თუ ავიღებდით საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაგ შემთხვევაში განვახორციელებდით ამას, ვინაიდან მათი გარე მფარველები ნაკლებად შეძლებდნენ ჩარეულიყვნენ ამ საკითხებში. თუმცა, როგორც ჩვენი მოქალაქეები უყურებენ, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს გარე ლობისტური ჯგუფების აზრი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები." - განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება მეორე მიზანს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ვისაც დავიწყებული აქვს, გაიხსენოს, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი, ხოლო ახალგაზრდებმა, რომლებსაც ემოციის დონეზეც არ აქვთ წინა ხელისუფლების ქმედებები განცდილი, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდებოდა 2003-12 წლებში და დასკვნები შემდეგ გამოიტანონ.
"მეორე მიზანი რაც არის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ამ ძალებს შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი და "ქართულ ოცნებას" უწოდებენ რეჟიმს, ვისაც დავიწყებული აქვს, კარგად უნდა შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი, რას ნიშნავს ტოტალიტარული რეჟიმი და იმ ახალგაზრდებმა, ვისაც საერთოდ ემოციის დონეზეც არ აქვთ ეს ყველაფერი განცდილი, მათ ეს უნდა იხილონ თავისი თვალით, უნდა მოისმინონ თავიანთი ყურით და შემდეგ გააკეთონ შეფასებები." - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.