მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება)“ წარადგინა. სესხი გათვალისწინებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებისათვის.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს საკრედიტო რესურსს მცირემასშტაბიანი პროექტების დაფინანსების ინსტრუმენტის (SEFF) გზით მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარებისთვის. SEFF მხარს დაუჭერს შერჩეული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, დეტალური დიზაინის, უსაფრთხოების დოკუმენტების მომზადებას, ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის გაკეთებას და პროექტის მომზადებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების განხორციელებას. SEFF-ის მეშვეობით დაფინანსებული სექტორები მოიცავს შემდეგს: საჯარო ფინანსების მართვა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები, განათლება და ჯანდაცვა.
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი SEFF-ის ფინანსური პირობებია: სესხის თანხა - 13 535 000 ევრო, სესხის ხანგრძლივობა - 5 წელი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა რატიფიცირებისათვის წარადგინა სასესხო შეთანხმება, კერძოდ, „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება (ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესება)“.
მისი თქმით, თანხები მიმართული იქნება ხაშურში წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესებისათვის. სასესხო შეთანხმება გაფორმებულია 2024 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის. სესხის მოცულობა - 30 მლნ ევროა, სესხის ხანგრძლივობა - 20 წელი, შეღავათიანი პერიოდი - 5 წელი. სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადა არის 2029 წლის 30 ივნისი.
მომხსენებლის ინფორმაციით, ხაშურში ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლისა და სანირების სისტემის მოწესრიგება, 30 მლნ სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად იქნება დამატებითი რესურსი, რაც მიმართული იქნება სანირების სისტემით ხაშურის სრულად დაფარვისათვის.
კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ , რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა. ამ შეთანხმებით სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადად 2024 წლის 26 ივლისის ნაცვლად 2028 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.