საერთაშორისო დამკვირვებელი საფრანგეთიდან: გასული წლის შემდეგ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს კარგი სვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ

დამკვირვებელი

გასული წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს კარგი სვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ, - განაცხადა მედიასთან საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან, ფრანსუა-ქსავია ჟიკელიმ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.

„ჩვენ საფრანგეთიდან ვართ. ჩვენი მიზანია, დავაკვირდეთ პროცესების მიმდინარეობას. გასული წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს კარგი სვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ - ამერიკული ხმის მიცემის აპარატის მეშვეობით. იმედი მაქვს, რომ საქართველო მშვიდ გარემოში ჩაატარებს არჩევნებს“, - განაცხადა ფრანსუა-ქსავია ჟიკელიმ.

საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.