დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ საკაშვილს მიმართვს.
ჩერგოლეიშვილი წერს, რომ სააკაშვილს ქართველი ხალხი მხოლოდ ძალაუფლების დასაბრუნებლად სჭირდება.
„სააკაშვილს მივმართავ და ეგებ ვინმემ გადასცეს.
მიშა, არ ვიცი ბოლომდე გაიაზრე, თუ არა, რომ შენ მიერ არჩეული, ასავალდასავალიზაციის, ეთნო-რელიგიური პოპულიზმით გაჟღენთილი მესიანიზმის გზა დამარცხდა! სრული ფიასკო განიცადა.
ტრაგიკომედიად მიიღო ამ საზოგადოების პროგრესულმა ნაწილმა ჯვრების ქნევა და ლიბერალიზმის გინება. არავინ დაგიჯერა ეგ სამარცხვინო სიყალბე. ვისაც ამის გამო არ შერცხვა, უბრალოდ წაგიყრუა კონფორმისტულად.
არც ტელევიზიის პირად რუპორად ქცევა დაგეხმარა ამაში - ვერ მიხვდი, რომ საზოგადოება სხვაგანაა და ტელევიზორის წინ შეკრებილი ოჯახები აღარ არსებობენ, სქროლავს ხალხი - არქივსაც სქროლავს. ის ხალხი, ვინც ბიძინას დასამარცხებლადაა საჭირო.
წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ფრონტის განადგურებაში მიაღწიე. შედეგად, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ კრიტიკულ პერიოდში, ოპოზიცია ნანგრევებშია, და შენ ციხიდან იხვეწები ოღონდ გამიშვით და საქართველო არ გამახსენდებაო.
მე უკვე წლებია ვიცი, რომ შენ ქართველი ხალხი მხოლოდ ძალაუფლების დასაბრუნებლად გაინტერესებს - გაგხრწნა ძალაუფლებამ. რადგან ეს ვერ შეძელი, ახლა აღარც საქართველო გაინტერესებს - მაგრამ გამოგიტყდები, რომ ამის საჯაროდ მოსმენა მაინც ძალიან დამთრგუნველია ანწუხელიძის ქვეყანაში.
მძიმე საყურებელია, როდესაც ყოფილი მოკავშირე, ვისაც პატივს სცემდი, ასე იქცევა. ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე წაიყვანე შენი პოლიტიკური კარიერა.
მაგრამ ეს შენი არჩევანი იყო და ეს არჩევანი სასტიკად დამარცხდა. ედუარდს ვუსმინე იმ დღეს და ძალიან საღად და სწორად შეაფასა ვითარება - შენი გზა დამარცხდა! (ძალიან მომწონს ეგ ადამიანი)
ეს კანონზომიერია - როდესაც მტერი გიმსგავსებს და საკუთარ კარიკატურად გაქცევს, მარცხდები.
არ ვიცი ბეტმენი თუ გინახავს, ნახე ნოლანის ბეტმენი თუ დრო გაქვს - ან სუპერგმირად კვდები (ფიგურალურად ცხადია - ვაზუსტებ იდიოტებისთვის) ან საკმარისად დიდხანს ცოცხლობ, რომ იმ ურჩხულად იქცე, რასაც ებრძოდი. ბიძინამ თუ დაიმახსოვრა ნიცშე, შენ რაღა გეტაკა. ჩვენ ფასეულობების ომში ვიყავით და ვართ. ჩვენ, მე და გიგა, ამ ბრძოლას ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ მოვკვდებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქვეყანა გახდება თავისუფალი, ლიბერალურ- დემოკრატიული რესპუბლიკა და თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, სექსუალური იდენტობისა, რელიგიისა, თუ ეთნიკური წარმომავლობისა ექნება ბედნიერებისკენ სწრაფვის შანსი.
ეს ასე იქნება - ორნახევარჯერაა გაზრდილი სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდაჭერა, არაფერი ასე არ გაზრდილა ამ ქვეყანაში ფასების გარდა. მართალი ვიყავი როცა გითხარი, რომ ინსტინქტები დაგიჩლუნგდა, მაგრამ არ დამიჯერე.
ჩვენ არ დაგვიკარგავს შენსავით წარმოდგენა ქართველ ხალხზე და არ შეგვძულებია ის, მხოლოდ იმიტომ რომ დავმარცხდით - ჩვენ ისევ გვჯერა რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულად ცხოვრებას კონსოლიდირებულ ლიბერალურ დემოკრატიაში, მიუხედავად იმისა, ჩვენ როგორ მოგვექცევა - სამართლიანად თუ უსამართლოდ და ესაა საქართველოს ისტორიული მისია.
ეს დაგვიბარა ბურთივით მრგვალმა ლიბერალმა. მის გზას ვაგრძელებთ ჩვენ და რამდენჯერაც არ უნდა ამოიღო ჯვარი და ლიბერალებს ანტიეროვნულობა გვაბრალო სამარცხვინოდ - ჩვენ ილიას გზას გავაგრძელებთ და მოვიგებთ, ოღონდ შენ ამ გამარჯვების ნაწილი აღარ/ვეღარ იქნები.
ახლა საქმე:
შენი ბინძური ქოცი სპიკერები გააჩერე.
გუბაზ სანიკიძეს და თაკო ჩარკვიანს პოლიტიკური წონა ერთადერთი მიზეზით გააჩნიათ - ყველაფრის მკადრებლები არიან და წონა შენ მიანიჭე, ყველაფრის კადრების ნიშნით.
ასავალ-დასავლის გზა გინდოდა, გეგონა ამით დაამარცხებდი ბიძინას და ეს ბინძური სპიკერებიც ამაში გჭირდებოდა.
ეგ გზა დამარცხდა, მაგრამ ეს ხალხი, შენი მიცემული ძალით და ამ ძალის ინერციით მაინც აგრძელებს საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიული მომავლისთვის ზიანის მიყენებას.
მე ამ ზომბებთან საქმე არ მაქვს - ყოველთვის ბინძურებად ვთვლიდი, ყოველთვის მტრებად ვთვლიდი და არაფერი გასაყოფი მათთან არ მაქვს, არასოდეს გადავიკვეთებით.
საქმე მაქვს შენთან.
დაიმახსოვრე, რომ რამდენჯერაც თაკო ჩარკვიანი ხმას ამოიღებს და ჩემი ქმრის ან ჩემი მისამართით მორიგ ბინძურ ცილისწამებას ისვრის - მე დაგაზიანებ შენ, დაგაზიანებ ყველგან, ყველა ფრონტზე, ყველა შეკრებაზე, ყველა სივრცეში იქამდე - სანამ არ გააჩერებ.
დაიმახსოვრე, რომ რამდენჯერაც გუბაზ სანიკიძე ლიბერალებს თავს დაესხმება, იმდენჯერ თავს დაგესხმები შენ, იმიტომ რომ მხოლოდ შენ მიანიჭე ამ არარაობას წონა.
შენი საქმე შენ იცი ცხადია. მე ჩემი გითხარი. ან როგორც აალაპარაკე ეგ ხალხი, ზუსტად ისე გააჩერე. არადა, რამდენჯერაც ხმას ამოიღებენ, იმდენჯერ შენ მოგხვდება და მერე ვიანგარიშოთ.
P.S. ჯანმრთელობას და აზრზე მოსვლას გისურვებ, იცი რომ ვგულისხმობ და ტყუილად სიტყვებს არ ვისვრი." - წერს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.