ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე და ადამიანების დაკავებაზე.
მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ როგორც 2007 წელს, ასევე, 2008 წელს, მან სწორი ნაბიჯები გადადგა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ანგარიში პირდაპირ მოწმობს, რომ მაშინ სააკაშვილის მთავრობამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ქვეყანაში შეზღუდა თავისუფალი სიტყვა და მედიის რეკეტი განახორციელა.
მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე, მმართველ გუნდში უკვე კეთდება შეფასებები. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის ტყუილით გაჯერებული განცხადებები კი, პირველი არაა.
"სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას. კარგად გვახსოვს სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა, სპეციალური სამსახურების მეშვეობით, ძალადობით, ცემით როგორ პრაქტიკულად აიღო ხელში "იმედის" ტელევიზიის შენობა, დახურა მაუწყებლობა. იმ დროს მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის, როგორ შეეცადა საზოგადოებაში თავისუფალი აზრის გავრცელების საბოლოოდ ჩახშობას და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ ედგა ბადრი პატარკაციშვილის შექმნილი "იმედის" ტელევიზია. ეს ტელევიზია იდგა ბოლო პლაცდარმად, ბასტიონად თავისუფალი სიტყვისა ჩვენს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა ტირანიას, ხელს უშლიდა მას საკუთარი ინტერესის განხორციელებაში. ამიტომაც, ძალადობის სრული დემონსტრირებით არა რამდენიმე დღით, როგორც თვითონ უტიფრად აცხადებს, არამედ მთელი 2012 წლამდე არსებულ პერიოდამდე მოახდინა პრაქტიკული ოკუპაცია ამ ტელევიზიის," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.