სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი გახშირდა, სწორედ, ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისაკენ - გიორგი ვოლსკი

გია ვოლსკი

სახალხო დამცველის კონსილიუმი მორიგ შემაჯამებელ ანგარიშს, სადაც პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და წარმართული სამედიცინო მკურნალობის შესახებ არის ყურადღება გამახვილებული, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ციხე დასასვენებელი ადგილი არ არის და ის ყველა მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს.

„ციხე არ არის კომფორტული ადგილი, სადაც ადამიანი წყნარად გრძნობს თავს. ის უამრავი ათასობით ადამიანი, ვინც გამოიარა ციხე და ის წამება და დამცირება, რაც სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი, ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ ციხეში. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ფსიქიკურ მდგომარეობას, ამის თაობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და სწორედ ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისაკენ.

ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მძიმე მდგომარეობაშია და ის არ შეიძლება პატიმრობაში რჩებოდეს," - ამბობს გიორგი ვოლსკი.