სააკაშვილი და ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ

სააკაშვილი და ნოღაიდელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშოშმინება მანდატურებსა და ადვოკატებს მოუხდათ.

„ამ მოღალატესთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ეს არის რუსეთის, პუტინის მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასაჩუმებლად. აქ მიდგას რუსი, ჩვენებას აძლევს ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილი რუსი მასამართლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან ცხარე კამათის შემდეგ და პროცესი დატოვა.

დაპირისპირება გამოიწვია სააკაშვილის განცხადებამ, რომ ნოღაიდელი პუტინს ომის შემდეგ შეხვდა, თავი დაუხარა და ბოდიში მოუხადა. სააკაშვილის ამ განცხადებას ნოღაიდელის მწვავე რეაქცია მოჰყვა და მათი კამათი რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. პროკურორები ნოღაიდელის დამშვიდებას ცდილობდნენ.

პროცესზე ნოღაიდელმა ჩვენებაში თქვა, რომ 7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები იყვნენ მობილიზებული და ეს სააკაშვილის გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდებოდა.

„დღესავით ნათელია, რომ ესაა თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალი. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში წესრიგის აღსადგენად იყო, თითი არ გაუნძრევია ჯარს, ეს მტრისათვის საჩვენებლად იყო, რომ საქართველოს ჰყავს ჯარი და თავის დაცვა შეუძლია“, – განაცხადა სააკაშვილმა ნოღაიდელის საპასუხოდ.

ამასთან, სააკაშვილმა დასვა კითხვა, ზურაბ ნოღაიდელი 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით რატომ აძლევდა სასამართლოს ჩვენებას მტკიცებით ფორმაში ვასილ მაღლაფერიძის მონაყოლზე დაყრდნობით.

„4 ნოემბრის საქმეზე მე არაფერი ვიციო. ვასილ მაღლაფერიძემ გითხრა და შენ, როგორც ფაქტს, ყვები. არ გაუჭირდებოდა ამის ჩაწერა ვასილს, სადაა ამის აუდიო ჩანაწერი, აქვს ვასილ მაღლაფერიძეს?“, – მიმართა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელს, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ სასამართლო გაარკვევს, აქვს თუ არა მაღლაფერიძეს აუდიოჩანაწერი.

სააკაშვილმა ნოღაიდელს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „ვასილ მაღლაფერიძე არსებულ ვითარებაზე გამოხატავდა უკმაყოფილებას, იყო ოპოზიციურ განწყობაზე. იცი თუ არა ეს?“.

ნოღაიდელის თქმით, „ვასილ მაღლაფერიძეს შექმნილ მდგომარეობაზე კრიტიკულთან ერთად, დადებითი შეხედულებებიც ჰქონდა“.

სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე და აღნიშნა: „2007 წლის ნოემბერში ფედერალურმა სამსახურმა მოგვწერა, რომ თბილისში აპირებდნენ არეულობას. ფედერალ ბიუროს ინფორმაცია იყო. იცოდი, რომ პატარკაციშვილი რუსეთთან იყო დაკავშირებული?“, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა: „ფული იქ იშოვა, მაგრამ მერე აღარ იყო მჭიდროდ დაკავშირებული“.

სააკაშვილის კიდევ ერთ კითხვაზე, იცოდი თუ არა, რომ პატარკაციშვილს „ფეესბესთან“ ჰქონდა კავშირი, ნოღაიდელმა განაცხადა: რატომ იყო თბილისში, „ფეესბეს“ აგენტი თუ იყო?,  „ფეესბეს“ პოლკოვნიკი თუ იყო, რატომ არ დაიჭირეთ?“

სააკაშვილმა ნოღაიდელს მიმართა: „ის იცი, რომ პუტინთან იყავი?“, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ურთიერთობები მოგვეწესრიგებინა“. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა ნოღაიდელს კვლავ მიმართა: „ეკაჩავე? ებლატავე? პუტინთან ჩავიდა ეს მოღალატე. უღალატა საქართველოს, დაასმინა და მოიხადა ბოდიში? ასეთი ხალხია ახლა ხელისუფლებაში, ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო. ამ კაცმა პუტინთან მოიხარა თავი“.

სასამართლო დარბაზში დამსწრეების მხრიდან ისმოდა შეძახილები ზურაბ ნოღაიდელის მისამართით: „პუტინის მონა“.