რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის არჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობს. დემონსტრანტები დილის 7 საათისთვის, თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. დემონსტრანტთა ნაწილი კი ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრა. ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენასთან ერთად, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, "ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნას 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე წუთით გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დემონსტრანტები 9 აპრილის ქუჩაზე არიან შეკრებილნი - ადგილზე არ არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, არც - სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა ცნობილია, რომ სპეცტექნიკა მობილიზებულია თავისუფლების მოედანზე. იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანად და არანაირი დაპირისპირება ამ დროისთვის არ ფიქსირდება, არ არის არც სპეცტექნიკის და არც ცოცხალი ძალის გამოყენების საჭიროება.

რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, რომელიც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ცხელი წერტილია, იქ ვითარება არის მშვიდი, დემონსტრანტები არ იმყოფებიან, თუმცა ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

პოლიტიკოსებიდან აქციის ტერიტორიაზე ჯერჯერობით მხოლოდ გიორგი ვაშაძე იმყოფება.

ცოტა ხნის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე სალომე ზურაბიშვილმა ჩაიარა - ის აქციის მონაწილეებთან არ მისულა, არც კომენტარი გაუკეთებია. პრეზიდენტმა, რუსთაველის გამზირის გავლით, სამსახურში - ათონელის რეზიდენციაში გადაინაცვლა. ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მხრიდან შეძახილებს. მათ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა, ტაშის ფონზე გააცილეს.