1747168660
რუსეთთან ჩვენ არ გვექნება დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები, ვიდრე არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს არის წითელი ხაზი - ნიკოლოზ სამხარაძე

რუსეთთან ჩვენ არ გვექნება დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის წითელი ხაზი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს რაც შეეხება, საქართველოს ინტერესშია, ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.
„რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი, გაცხადებული პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება. ჩვენ არ გვექნება რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პოზიცია, რომელიც ადრე გვქონდა, ახლაც გვაქვს და გვექნება, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს რაც შეეხება, საქართველოს ინტერესშია, ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, თუმცა ეს, არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები არ გვქონდეს. გადავხედოთ ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს რუსეთთან არის დაპირისპირებაში, სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ, დიპლომატიური ურთიერთობებიც არავის არ შეუწყვეტია რუსეთთან. ამაში ჩვენი დადანაშაულება არის ფარისევლობა და სხვა არაფერი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რაც შეეხება ჩინეთს, როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, საქართველო არავისთან არ მეგობრობს ვინმეს წინააღმდეგ.
„ჩვენ არ ვმეგობრობთ არავისთან ვინმეს წინააღმდეგ. ყველა ქვეყანასთან ვმეგობრობთ იმიტომ, რომ ვიმეგობროთ იმ კონკრეტულ ქვეყანასთან. ჩინეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღსრულებას. საქართველოსთვის ჩინეთი, გარდა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისა, მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო დღემდე არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო. ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენთვის ამ კუთხითაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვერავინ დაგვამუნათებს იმის გამო, რომ ჩინეთთან გვინდა ურთიერთობის განვითარება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, რეგიონის, ასევე დასავლეთის ქვეყნებს ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობა აქვთ ირანთან, ვიდრე დღეს აქვს საქართველოს.
„არათუ მხოლოდ ჩვენი რეგიონის, დასავლეთის ქვეყნებსაც ბევრად უფრო აქტიური ურთიერთობა აქვთ ირანთან, ვიდრე დღეს აქვს სამწუხაროდ, საქართველოს. სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ განცხადებაზე, ამ დღეებში მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები ბირთვულ პროგრამასთან და ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ამიტომ, ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს დამოუკიდებელი, აქვს უფლება, თვითონ განსაზღვროს ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები და ვისთან – არა. სტრატეგიულ საგარეო პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს სტრატეგიული პრიორიტეტები მოცემულია და ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. დანარჩენი არის საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.