Photos:"ჩვენი ურთიერთობა გუგლ თრანსლეიტით დაიწყო... მყავს ორი ანტილოპა და კატა, ძმა დამცინის, მალე, ალბათ, ლომის ბოკვერსაც მიიყვანო... " - აფრიკაში გათხოვილი ქართველის საოცარი ისტორია

ზანზიბარი

ზანზიბარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკური ტურისტული ადგილია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წელიწადის ყოველ სეზონზე უამრავი ადამიანი ჩადის. ასე დაიწყო ქართველი ფინანსისტის ნათია ალექსიშვილის ზანზიბარული თავგადასავალიც, რამდენიმე წლის წინ.

კორონა ვირუსის პანდემიის დროს ის ზანზიბარში სამოგზაუროდ წავიდა და იქაურმა ბუნებამ, ხალხმა და კულტურამ  იმდენად მოხიბლა, რომ ერთ თვეში ისევ აფრიკაში დაბრუნდა. სადაც საკუთარი სახლი აიშენა და ოჯახიც შექმნა.

- მე ვარ ნათია ალექსიშვილი, ბევრი პროფესია მაქვს, რადგან მრავალმხრივ ინტერესიანი ადამიანი ვარ. ხუთი წელი საზოგადოებრივ მაუწყებელშიც ვმუშაობდი, კონსერვატორიაშიც ვკითხულობდი ლექციებს არტმენეჯმენტის განხრით. შემდეგ მთლიანად ფინანსების და პროექტების მართვის სფეროში გადავერთე. ამჟამად, ვმუშაობ ერთ-ერთ ქართულ კერძო კომპანიაში მთავარ ფინანსისტად.

გვიან, დაახლოებით 28 წლის ასაკში დაიწყე მოგზაურობა, მაშინ «ვიზეარიც» არ იყო გამოჩნილი ქართულ ბაზარზე. ყოველთვის მიზიდავდა ეგზოტიკური ქვეყნები და პირველი ეგზოტიკური ქვეყანა, სადაც სამოგზაუროდ წავედი შრი ლანკა იყო, შემდეგ იყო კამბოჯა, ვიეტნამი, ტაილანდი მაროკო და ა.შ.

კორონას დროს მოვხვდი ზანზიბარში, ძალიან შემაყვარა თავი, მაგრამ მივხვდი, არასწორად დავათვალიერე მაშინ ეს კუნძული და ერთ თვეში ჩემი ლეპტოპით დავბრუნდი აფრიკაში. გადავწყვიტე მიწის შეძენა, სახლის აშენება და ა.შ. რაც ქალისთვის უცხო ქვეყანაში რთული იყო, მაგრამ დამეხმარა ჩემი განათლება და დღეს აქ ვცხოვრობ.

- ბიზნესის შექმნის იდეით გაემგზავრეთ ზანზიბარზე?

- აქ ბიზნესის ინტერესით არ ჩამოვსულვარ. ხალხმა მიმიზიდა, რადგან სამოთხეა. ჯანსაღი ურთიერთობებია, კრიმინალი არ არის, მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროა. სამსახურიდან არ უნდოდათ ჩემი აქეთ გამოშვება, მაგრამ დავითანხმე ხელმძღვანელი და წამოვედი, ავთენტურ სტილში ავიშენე აფრიკული სახლი. სასტუმროს ბიზნესიც ვცადე. მაგრამ ამით ვერ მოვიხიბლე.

ერთი წლის წინ ოფიციალურად ვიქორწინეთ მე და რედიმ, ჩემმა მეუღლემ, შევიძინეთ ჩვენი ნავი, რომელიც ჩვენი სტუმრებისთვის და სიამოვნებისთვის გვაქვს. ამ ნავს სხვადასხვა საუკუნეებში გადაჰყავხარ. როგორც აღვნიშნე ნაწილობრივ მუსიკოსიც ვარ, ბავშვობიდან მიყვარდა აფრო-მუსიკა. ჩემი მეუღლე მოცეკვავეა, უამრავ აქაურ სელებრიტთან მეგობრობს, ძალიან კარგი კულინარიის ნიჭიც აქვს. დისტანციურად ვმუშაობ, თან აქ ვცხოვრობ. ყველა ჩიხი ვიცი, ტურებს ვაკეთებ, სტუმრებს ვმასპინძლობ და ა.შ. აქ რომ ქართველის ხმა მესმის ჩემიანი ხდება. ჩემი ქმარი ისეთი სტუმართმოყვარეა ყველას შეაყვარა თავი.

- როგორ დაიწყო თქვენი და თქვენი აფრიკელი მეუღლის სიყვარულის ისტორია?

- ჩვენი სიყვარულის ისტორია უჩვეულოდ დაიწყო. აქ არის აფრიკული ცეკვების კლუბი კოკობელო, იქ ვნახე პირველად, მეხუთე ელემენტის მსახიობს ჰგავდა, უბრალოდ, მოცეკვავე მეგონა. სთოუნთაუნიდან არის. შემდეგ მასთან და მის მეგობართან ერთად წავედით ტურში ნაკუპენდაზე, დილის 7 საათზე გავედით, იქაური კერძები მოგვიმზადეს, ყველაფერი დავათვალიერეთ და საღამოს დავბრუნდით. როცა ვნახე რამდენად მშრომელები იყვნენ გაოცებული დავრჩი და მაშინ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

- მაშინ უკვე საცხოვრებლად იყავით გადასული აფრიკაში?

- უკვე შეძენილი მქონდა ერთი სახლი და მეორეს ყიდვას ვგეგმავდი. ამასობაში, რედიც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერში გვერდით მიდგას. ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ როცა აღმოვაჩინე რომ გვერდით მყავს ოქროს ადამიანი დავქორწინდით. 12 სექტემბერს გვქონდა ქორწილი. ქორწილში ჩემი მეგობრებც იყვნენ სტუმრად, ასევე, ამ პერიოდში, ჩამოვიდა საქართველოდან 9 ახალგაზრდა, რომლებმაც დალაშქრეს კილიმანჯარო ჩემს მიერ დაგეგმილი ტურით და ისინიც ესწრებოდნენ ჩვენს ქორწილს.

- როგორი ტრადიციები აქვთ აფრიკელებს?

- საკმაოდ ტრადიციული ხალხია, ჩვენთან როგორც იყო ცხოვრება ინტერნეტის შემოსვლამდე როცა მშობელს პატივს სცემდნენ იმ პერიოდს შევადარებ ამათი ცხოვრების წესს. ჩემს დედამთილს დედას ვეძახი, რადგან საოცარი შვილი მაჩუქა. აქაური კერძები ძალიან ჰგავს ჩვენსას, ერთადერთი ხაჭაპური არ აქვთ, იმიტომ რომ ყველი არ უყვართ სასტიკად.

- რა სახსრებით შეძელით აფრიკაში სახლის აშენება?

- საბედნიეროდ მე დიდი ფინანსები არ დამჭირდა, იმიტომ რომ აქაური სამეგობრო დამეხმარა. ჩამოსულისთვის ქონებას სხვა ფასი აქვს, მე მოვასწარი ნორმალურ ფასებში ყიდვა. როგორც კი მიწა შევიძინე კანონებიც შეიცვალა. მთელი ჩემი ცხოვრება ვმუშაობ, 14 წლიდან, 27 წლის ასაკში შევიძინე ბინა ჩემი ფულით თბილისში, სასწაულ ქონებას არ ვფლობ, მაგრამ ჩემი კუთხე მაქვს. ავთენთიკურად გადახურული მაქვს სახლი, რის უფლებასაც ადგილობრივები თავს ვერ აძლევენ, რადგან ძვირია. საოცრებები არიან აფრიკელები, ჩემი მეუღლის მეგობრებს რომ ვუყურებ გაოცებული ვარ, აქამდე მეგონა, რომ ქალის ასეთი პატივისცემა და ხელის გულზე ტარება მხოლოდ ფილმებში და ზღაპრებში ხდებოდა. ორივე ვშრომობთ, მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ყველაფერს სიყვარულით აკეთებს. ყველა დეტალში სიყვარულს გამოხატავს. 

 

ჯანსაღად ცხოვრობს მოსახლეობის 90 პროცენტი. ფსიქიკაც ჯანსაღი და ლაღი აქვთ. ჩვენი ურთიერთობა გუგლ ტრანსლეიტით დაიწყო, მთავარი სიტყვებიც ვასწავლე ქართულად. კონტრასტების ქვეყანას დავარქმევდი აფრიკას. მაგრამ ზანზიბარში ხალხს კვება არ უჭირს. მშრომელი ხალხია, კიდევ კარგია, რომ ტროპიკებია და მხოლოდ თავზე გადახურვა და კედელი ჰყოფნით. სახლში მგონი მარტო დასაძინებლად შედიან. კორუმპირებული მდიდრებიც უხვად ჰყავთ, სთოუნ ტაუნის ვილები რომ ვნახე, გავოგნდი, ამათ ხარჯზე გამდიდრებული ხალხით. პირობების მიუხედავად, კეთილი და ლაღი ხალხია. აქ ჩემს სამყაროში ვარ, არც მაიმუნი გვაკლია, მყავს ორი ანტილოპა და თბილისიდან წამოყვანილი კატა. ჩემი ძმა დამცინის მალე, ალბათ, ლომის ბოკვერსაც მიიყვანო.

 

- ანტილოპები როგორ მოიშინაურეთ?

- ტყეში დაგვიჭირეს ანტილოპები, ზოოპარკს შევუკვეთე და მომიყვანეს. ჯერ ეშინიათ და ღამე გამოდიან, მაგრამ მალე შეგვეჩვევიან.

 

- საკუთარი ნავიც გყავთ, რომლითაც ტურებში დაგყავთ ტურისტები...

- კი, კი ტურებს ვაკეთებთ. ჩემი მეუღლე თავისი ნავით «თამაშათი» ასეირნებს სტუმრებს, «თამაშას» დარქმევა ერთობლივი იდეა იყო. აფრიკულ-ქართული ოჯახი გიმასპინძლებთ ზანზიბარზე.

- საქართველოში ნამყოფია რედი?

- საქართველოში ჯერ ვერ ვართ ნამყოფი. თუმცა, მინდა ჩამოვიყვანო. საქართველოში, დიდი ხნით მეც ვეღარ ვიცხოვრებ. ამ კუნძულზე სულ იცვლება ღირებულებები და შეხედულებები.

- როგორი იყო თქვენი აფრიკული ქორწილი?

ამათი ტრადიციული ქორწილი ჰგავს ჩვენს 30 წლის წინანდელ ქორწილებს, პატარძალი ოჯახიდან რომ გამოჰყავდათ და ა.შ. ჩვენი ქორწილი აფრო სტილში იყო, არასტანდარტულად ჩვენს ნავზე დავიწყეთ ცერემონიალი, სანაპიროზე ჩავრთეთ «ვისია ვისია ქალი ლამაზი», მერე იყო აფრო ცეკვები, მერე «ნინაო». ბოლოს ძველ კოკობელოში გადავინაცვლეთ, მისმა მეპატრონემ ძალიან შეგვიწყო ხელი. სუფრაც გვქონდა, მაგრამ ისეთი განწყობა შეიქმნა, ჭამა არავის ახსოვდა. ჩემი ოჯახის წევრებიც იყვნენ სტუმრად. მთელი სანაპირო ჩვენ გვიყურებდა და გადავწყვიტეთ ყოველ 12 სექტმბერს აღვნიშნოთ ჩვენი ერთად ყოფნა.