რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან - სუსი

სამაჩაბლო

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ილია ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.