"რომ დამაბრალოთ „სპილო ვარ“, ვერ დაგიწყებთ მტკიცებას, რომ სპილო არ ვარ" - ბექა დავითულიანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

ბექა დავითულიანი

"რომ დამაბრალოთ სპილო ვარ, ვერ დაგიწყებთ მტკიცებას, რომ სპილო არ ვარ. დაიდოს დოკუმენტი, რადგან ეს ისეთი ზღვარია, რომლის მერეც თავის შეკავება არ შეიძლება", - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა  უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე საუბრისას ჟურნალისტებთან  განაცხადა.

“ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული შეფასებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი, მაგრამ, როცა მეგობარი ქვეყანა ჰაერიდან მოტანილ მძიმე და პროვოკაციულ ბრალდებას გიყენებს, ეს წითელი ხაზია. ასეთი მძიმე ბრალდების გაჟღერებას უნდა მოჰყვეს ან დამადასტურებელი ფაქტები, ან ბოდიში და განმარტება, ასეთ პროვოკაციულ განცხადებაზე რატომ წავიდნენ, ან ერთს, ან მეორეს ველოდებით!

თუ უკრაინის მთავრობას ეს ინფორმაცია ჰაერიდან მოტანილი არ აქვს, მაშინ მოიტანოს და დადოს დოკუმენტი ან ბოდიში მოიხადონ. ძალიან მინდა, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს და ვინც ჩვენს მიმართ ბრალდებებს აჟღერებს, ეს ადამიანები გამარჯვების ზეიმში ვიხილო, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ამ ყველაფერს ვერ გავატარებთ.

თუ რაიმე საბუთს დადებენ, მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მათი მხრიდან ერთგვარი უკან დახევა ვიხილეთ, რაც იმაზე მეტყველებს იმაზე, რომ ამის უკან არაფერი იყო. მეგობარ ქვეყნებს შორის ასეთი ბრალდებების გაჟღერება არ შეიძლება, მითუმეტეს, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ყველაფერს აკეთებს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.