როგორც ჩანს, უკვე მიხვდნენ, რომ ამერიკიდან თანხები აღარ წამოვა რადიკალური პროცესებისთვის და დაესხნენ თავს იმ პრეზიდენტს, რომელიც ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ აირჩია - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

როგორც ჩანს, უკვე მიხვდნენ, რომ ამერიკიდან თანხები აღარ წამოვა რადიკალური პროცესებისთვის, რაშიც აქაური აგენტურა იყენებდა. ახლა ვეღარ ითმენს ბევრი და ცოტა ხანში ბევრიც ვეღარ მოითმენს. დაესხნენ თავს იმ პრეზიდენტს, რომელიც ამერიკის საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს.

„გია ნოდიათი დავიწყოთ, აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგით, რომელმაც ტრამპს მკვეხარა და ნარცისი უწოდა. ახლა ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც ამერიკიდან აქაური აგენტურის ერთ-ერთი მთავარი კურატორია, რომელმაც პირდაპირ კრიმინალი უწოდა თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს. ახლა ალბათ გვარამია გამოვა, თავის ოთხი წლის წინანდელ ჩანაწერს ამოიღებს და იტყვის, როგორც ამბობდა, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი, რუსული ფულით მოსული პრეზიდენტი, რუსი ოლიგარქი და ა.შ. მეგობრებო, ცოტა ხომ არ დაფიქრდებით, ახლა ისე არ წაიყვანოთ საქმე, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში თქვენგან ჩვენი დასაცავი გახდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, რეალობა არის ის, რომ ამერიკელმა ხალხმა გადაწყვიტა, ტრამპი რასაც ამბობს.

„ეს მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის პოზიცია არ არის. მას მთელი წინასაარჩევნო კამპანია ეროვნულ ღირებულებაზე ჰქონდა, ისევე როგორც ჩვენ. ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ლგბტ პროპაგანდაზე, ისევე როგორ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ქალბატონი ლორა და გია ნოდია როგორც აგინებდნენ ტრამპს, ისე აგინებენ დღესაც. რას მიიღებენ, ამას ვნახავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, პოზიცია არ შეიცვალეს. თქვენც გაამჟღავნეთ, იმიტომ, რომ მაინც გამჟღავნდებით. თქვენ ხელიდან ვერ გაგაგდებინეთ ლგბტ დროშა მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ხმა, რომ არ მიეცით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს და პირიქით იცავდით ლგბტ პროპაგანდას, ტრანსგენდერებს და ასევე იცავდით საქართველოში ომს. მშვიდობა ყელში ამოგვივიდაო, რომ ამბობდით, თქვენ არ იყავით? ასეთი მშვიდობა ვის სჭირდებაო, თქვენ არ იყავით?  – უსუფაშვილიდან დაწყებული, გია ნოდიათი დამთავრებული, მთელი პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი, მშვიდობის გაგონება, რომ არ გინდოდათ ეს ხალხი თქვენ არ იყავით? ახლა ტრამპი იქნება, თუ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომ ამბობს, ეს ხალხი მშვიდობისთვის არიან მოსული, თქვენ სად მიდიხართ, ვის ინაუგურაციაზე მიდიხართ? ამას არავინ არ დაგიჯერებთ, ამერიკაში კი არა, საქართველოში არ დაგიჯერებთ არავინ. ეს არის რეალობა და ამიტომ რეალობას უნდა შეეგუოთ. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და პოლიტიკური ძალა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა.

თორნტონმა დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით დაწერა: „მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, „ყურს გვჭრის“ ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქება-დიდება და პირფერობა“.