როგორ აპირებს თბილისი ბრიუსელის გზამკვლევის გავლას - კითხვები, რომლებიც ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თბილისში განსაკუთრებით აქტუალური გახდა

ევროკავშირი

ვინ როგორ აპირებს ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულებას და ვინ რა წვლილს შეიტანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - კითხვები, რომლებიც ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თბილისში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აუცილებელი ნაბიჯების ჩამონათვალში, რომელიც საქართველომ წლის ბოლომდე უნდა გადადგას, ოპოზიციისთვის პირველ ადგილზე დეოლიგარქიზაცია დგას და ამ პროცესში სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ერთადერთი, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან ეს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ფიქრობენ, რომ მთავარი ვალდებულება მმართველ გუნდს აქვს.

ევროკომისიის მიერ გაწერილი დავალებები მოულოდნელი არ ყოფილა "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდი ამბობს, რომ ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ბრიუსელმა თბილისს დაავალა, ეტაპობრივად უკვე სრულდება და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციაზე ოპონენტების კრიტიკასაც პასუხობს და ოპოზიციას წარსულს ახსენებს.

 

ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღება იმ დავალების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციაში გაიწერა. პოლიტიკური პოლარიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, პლურალისტური მედია გარემო და დეოლიგარქიზაცია - ეს იმ პუნქტების მხოლოდ ნაწილია, რომლის შესრულებასაც ევროპა საქართველოსგან ელოდება. დათქმების შინაარსი მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი პარტიისთვის.

 

პირობების ჩამონათვალში დეოლიგარქიზაციაა ის პირველი პუნქტია, რომლის შესრულებასაც ოპოზიცია პრიორიტეტად მიიჩნევს. ვინ როგორ აპირებს რეკომენდაციების გათვალისწინებას - კითხვა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასების შემდეგ აქტუალურია. ხელისუფლების ოპონენტები პროცესში საკუთარ როლს ნაკლებად ხედავენ, ამბობენ, რომ მათ გადადგმული აქვთ კონკრეტული ნაბიჯები და პირობების წარმატებით შესრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ოპონენტების რჩევას მმართველ გუნდში წარსულის შეხსენებით პასუხობენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოლიგარქები ყოფილ ხელისუფლებაში იყვნენ და მათი ნაწილი ან სასჯელს იხდის ან სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

სავალდებულო პუნქტების შესრულება ოპოზიციაში სხვადასხვაგვარად წარმოუდგენიათ, ნაწილი სრულ პასუხიმგებლობას ვალდებულებების შესრულებაზე ხელისუფლებას აკისრებს, ნაწილმა კი კონკრეტული გეგმა წარადგინა, თუ როგორ წარმოუდგენიათ პირობების შესრულება.

დეპოლარიზაციას მიღწევისთვის სახელისუფლებო გუნდს ოპონენტების მიმართ კონკრეტული შეთავაზება აქვს.

დღის ბოლოს რეკომენდაციების შესრულებაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ამ პროცესში ხელისუფლების და ოპოზიციის ვალდებულებებზე აკეთებს აქცენტს.

ქვეყნის საგარეო კურსი რომ ურყევია და ის ევროინტეგრაციაა, ამაზე სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ. ამბობენ, რომ მიზნის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებენ.

საქართველო ევროკომისიის შეფასებას 3 თვის განმავლობაში ელოდა. დღეს კი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოსგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღო.