1750017082
როდესაც "ნაცმოძრაობა" ლაპარაკობს წარსულზე, როცა სულ ახლახან აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ეს დაცინვაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში - გიორგი ვოლსკი

"ვფიქრობ, რომ განგებაა გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედაც იმიტომ, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს და პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვას იმ მძიმე ისტორიებს, რომელიც, თუნდაც, კომისიის სხდომებზე აქვს მოსმენილი," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც მიწვეულ პირთა შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ხვადაგიანიც იყო.
მისივე თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საუბრობს წარსულზე, ეს დაცინვა და პოლიტიკური დემარშია.
"მისთვის არაფერს ნიშნავს არც ის სისხლი, არც მძიმე ვითარება. როდესაც სწორედაც "ნაცმოძრაობა" იყო ქვეყნის სათავეში და სადისტური მეთოდებით მართავდ,ა სისტემური ხასიათი ჰქონდა ამ სადისტური მეთოდებით მართვას - ეს სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა, გერმანიის ელჩმა კი ხაზი გაუსვა, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს და ჩვენ მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ქმედება.
შეიძლება კარგი ისტორიკოსი იყო, მაგრამ როდესაც "ნაცმოძრაობა" ლაპარაკობს წარსულზე, როცა სულ ახლახან, რამდენიმე წლის წინ, ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები, რასაკვირველია, ეს დაცინვაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც მიწვეულ პირთა შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ხვადაგიანიც იყო, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
"მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს" - გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს (!), ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო.