„როდესაც ბავშვები მოიხმარენ ნარკოტიკს თუ ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, ხშირად, პასუხისგებაში ვერ მიეცემიან ხოლმე, რადგან 14 წელს ქვემოთ არიან - კანონმდებლობა დაიხვეწება, იქნება შრომითი გამოსასწორებელი მიმართულებები" - ვახტანგ ჩოჩია

ვახტანგ ჩოჩია

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ახალ რეგულაციებში ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელისუფლებო გუნდი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას აცხადებს. დღის წესრიგში დადგება ანტინარკოტიკული პოლიტიკაც, შესაბამისად, კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც გამკაცრდება.

მომზადებულ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში შეფასებები კეთდება.

"არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს ნარკორეალიზაციაზე სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა კიდევ უფრო გამკაცრდება არსებული სანქციები. მმართველი გუნდი, ასევე, წარადგენს ინიციატივას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დახვეწის მიმართულებით. მათი უფლებების განუხრელი დაცვის ფონზე, გამკაცრდება არსებული სანქციები. როდესაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები მოიხმარენ ნარკოტიკს თუ ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, ისინი პასუხისგებაში, ხშირ შემთხვევაში, ვერ მიეცემიან ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ არიან 14 წელს ქვემოთ, თუმცა კანონმდებლობა დაიხვეწება, იქნება შრომითი გამოსასწორებელი კონკრეტული მიმართულებები," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ.