1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ქართული ოჯახის შვილი გმირების მაგალითზე უნდა გაიზარდოს.
„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ადგილას, სადაც ყველაზე მძაფრად გვახსენდება ჩვენი გმირები და ვის მაგალითზე უნდა ვასწავლოთ შვილებს ცხოვრება – გმირობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითზე. აქ ამ ყველაფერზე განსაკუთრებით ფიქრობ, განსაკუთრებული ემოციაა. ასევე განსაკუთრებული ემოციაა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც აგვისტოს ომში თავისი შვილები დაკარგეს. მათთან ურთიერთობა ემოციის გარეშე არასდროს ჩაივლის ხოლმე, დღესაც ასე ხდება. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირებს პატივი მივაგო. ყველა ქართველს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მათ მაგალითზე უნდა გაიზარდოს ყველა ქართული ოჯახის შვილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, აგვისტოს ომთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველომ სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან სამართლებრივი დავა მოიგო.
„რუსეთმა, საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ოკუპაცია, ჩვენი გმირების დახოცვა ჰქვია და შემდეგ წლების განმავლობაში ამით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები შეგნებულად იყო გამქრალი საქმიდან, დიდი შრომის ფასად საქართველომ, ქართულმა სახელმწიფომ სტრასბურგსა და ჰააგაში მოიგო პროცესები. რუსეთის სახელმწიფოსთან, როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან მოიგო სამართლებრივი დავა. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო „ისკანდერის“ ნაწილები. ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მოვიდა, ეს ნაწილები მოძიებული ვერ იქნა. უფრო სწორად, მანამდე გადამალეს და რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ, რომ მოგვეპოვებინა ისკანდერის ნაწილები, როგორც მთავარი მტკიცებულება და წარგვედგინა სასამართლოში. ეს დაედო საფუძვლად გადაწყვეტილებას, რომ საქართველო სამართლებრივ დავაში იყო მართალი. წარმოუდგენელი ამბავია, როცა სახელმწიფოს წარმომადგენლები არათუ საქმის კურსში არ არიან, არამედ შეგნებულად მალავენ ქვეყნისათვის და საერთაშორისო ასპარეზზე გამართლებისათვის მთავარ მტკიცებულებას. წლების შემდეგ ეს მტკიცებულება სხვა ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაძებნია და კიდევ ბედავენ, რაღაცებზე ლაპარაკობენ. ეს იყო სახელმწიფოს და საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ერთი დიდი დანაშაული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რეზოლუციაში 7 აგვისტო წერია, როგორც საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების თარიღი, რის წინააღმდეგაც უწევდა ბრძოლა „ქართულ ოცნებას“ ჰააგასა და სტრასბურგში.
„საერთაშორისო სამართლებრივ დავებში რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიცია იყო ის, რაც წერია რეზოლუციაში, რომელზეც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ანუ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ. ეს იყო პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველომ 7 აგვისტოს ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა ცხინვალის კასეტური ბომბებით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვით. ამ რუსულ პოზიციას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობის“ დელეგაციამ. ამაზე რომ ხელს მოაწერ, რუსულ გადაწყვეტილებაზე, რომ შესწორებები შეიტანოს რეზოლუციაში და შემდეგ მხარს დაუჭერ, ეს არის საქართველოს ღალატი, რაც ყველამ უნდა გაიგოს. არ ვიცი, პარტნიორები რატომ გვისამძიმრებენ 7 აგვისტოს. ამ ჩანაწერის მიუხედავად, ყველა სამართლებრივი დავა მოვიგეთ. მითითებაა ტალიავინის კომისიის დასკვნაზე, რომელიც თავის მხრივ, რეზოლუციის ტექსტზეა აგებული, რომ საქართველოს სამხედრო ძალებმა დაბომბეს ცხინვალი და მაშინ ესკალაცია სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. დღემდე ბოლომდე ვერ ამოვშალეთ ეს. სალომე ზურაბიშვილი წელს გავიდა 7 აგვისტოს და ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე? რეალურად, პირველად 7 აგვისტო ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მანამდე იყო სააკაშვილის ბრძანებულება, შემდეგ საქართველოს პარლამენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ეს ბრძანებულება რომ დაამტკიცა, ყველგან იყო ლაპარაკი სეპარატისტებზე. სამწუხაროდ, იქ რუსებს არ ახსენებდნენ, თითქოს იქ რუსები არაფერ შუაში იყვნენ და სეპარატისტები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. რუსეთის სახელმწიფო მხოლოდ 8 აგვისტოსთან მიმართებით მოიხსენიეს. პირველად 7 აგვისტო, ეს თარიღი შესწორების სახით, რუსების მიერ შემოტანილი იქნა რეზოლუციაში, რომელსაც, სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა ქართულმა დელეგაციამ. ეს იყო დანაშაულებრივი მხარდაჭერა. შემდეგ ამაზე აეგო ტალიავინის კომისიის დასკვნა და საბოლოოდ დღემდე ვერ ამოვშალეთ. ეს თარიღი ყველგან წერია, როგორც საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების თარიღი, ესკალაცია ახალი საომარი მოქმედებების ეტაპზე გადაიზარდაო. ამ თარიღის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა ჰააგასა და სტრასბურგში, გადამალული ისკანდერის ნაწილებიც ამაში მოგვეხმარა და კიდევ 7 აგვისტოს უბრუნდებით? თურმე 2014 წლამდე 8 აგვისტო იყო თარიღი, როცა პატივი უნდა მიგვეგო ჩვენი მიცვალებულებისათვის და შემდეგ ახალი ნარატივი გაჩნდა, ამას უნდა ჩავყვეთ და ახალი რისკები გავაჩინოთ? რუსეთი 7 აგვისტოს კი არ შემოიჭრა მხოლოდ, მანამდეც, 5-ში, 6-ში ორმხრივი სროლები რომ მიმდინარეობდა, ფაქტობრივად ომი დაწყებული იყო. მაინცდამაინც 7 აგვისტოს რატომ ასახელებთ, 5 და 6 აგვისტოს ბიჭები რომ დაიჭრნენ, ის ომი არ იყო? ზუსტად რუსული ნარატივია, 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა დაბომბეს ცხინვალიო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.