9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
„თეთრი სია“ იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც გარკვეული ბენეფიტებით და შეღავათებით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან, ამ სიის გადახედვა კი ხელს შეუწყობს სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, „თეთრ სიაში“ მოხვედრილი კომპანიები, სხვა შეღავათებთან ერთად, სარგებლობენ დაწესებული წესებისგან გამონაკლისებით ავანსების გაცემისას, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს აჩენს სახელმწიფოსთვის. მისი თქმით სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მასში შეტანილი კომპანიებისთვის მოქმედი პრივილეგიების გადახედვა.
მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული თეთრია სია. ეს არის იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მოხვდნენ ამ სიაში და გარკვეული ბენეფიტებით და შეღავათებით სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ამ კრიტერიუმების სამართლიანობასა და ობიექტურობაზე თავად კერძო სექტორშიც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები. მაგალითად, თუ კომპანიამ კონტრაქტის მიხედვით მიიღო 20%-იანი ავანსი, ამ თანხიდან მხოლოდ ნახევარია უზრუნველყოფილი საბანკო გარანტიით. დანარჩენი 10% პრაქტიკულად ჰაერშია, ანუ არ აქვს არანაირი ფინანსური უზრუნველყოფა. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო მთლიანად იღებს ამ რისკს საკუთარ თავზე“, – აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრსი თქმით, დღეს ქვეყანაში არაერთი კონტრაქტია, სადაც ათეულობით მილიონი ლარია გადახდილი, სამუშაოები კი სრულად არ არის შესრულებული. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში კი, ბიუჯეტისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„ამ ყველაფრის ფონზე სრულიად ლოგიკურია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ე.წ. თეთრი სიის პრინციპის გადახედვის შესახებ. ეს არანაირად არ გულისხმობს ბიზნესის შეზღუდვას. ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და რისკზე დაფუძნებული მიდგომა, რაც ერთი მხრივ ბიზნესსაც დაეხმარება, ხოლო მეორე მხრივ დაიცავს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს დიალოგს ბიზნესთან, თუმცა მთავარი პრინციპი უცვლელია, საზოგადოებრივი რესურსის სწორად, გამჭვირვალედ და პასუხისმგებლიანად განკარგვა.