წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მინისტრების მოადგილეებთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სოფელ ბრეთში მალე დასრულდება თანამედროვე სპორტდარბაზის მშენებლობა. ორსართულიანი ობიექტი სრულად იქნება მორგებული როგორც სპორტსმენების, ისე მაყურებელთა საჭიროებებზე. პირველ სართულზე მოეწყობა საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები. მეორე სართულზე კი ტრიბუნები და მრავალფუნქციური სივრცე განთავსდება, სადაც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასტუმროს მშენებლობაც, რაც ობიექტის ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. სპორტდარბაზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, დაბა აგარაში მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია. პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლითონის კოჭებით გადახურვის კონსტრუქციების, პარაპეტის, ტრიბუნისა და სცენის მოწყობის სამუშაოები.
აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 770 000 ლარს.