"რეფერენდუმი გვაქვს ახლა ჩვენ საქართველოში, რომ ეს სუს-ის მიერ დაშანტაჟებული ადამიანების ჩვენებები არ გვესმოდეს დღენიადაგ" - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია "კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები - "მთავარ არხში" უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორი ლაპარაკობს. გიორგი ქურდაძე ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და "თიბისი ბანკს" სწერს - ის საუბრობს ბოლო ხუთი წლის ოპერაციებზე, მიუთითებს გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომლის ნაწილი უცხოეთშიც არის გაგზავნილი.

განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში - ნაწილი მოქმედი დირექტორის ბრალდებებს წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს, ნაწილი კი ამბობს, რომ შავი ფული ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის

"მაგ აბსურდს 26 ოქტომბერს მოევლება, როგორც კი ამ უმსგავსობას, ქვეყნის ძარცვას, იზოლაციას დავასრულებთ და წავალთ სწრაფად ევროკავშირისკენ. რეფერენდუმი გვაქვს ახლა ჩვენ საქართველოში, რომ ეს სუს-ის მიერ დაშანტაჟებული ადამიანების ჩვენებები არ გვესმოდეს დღენიადაგ," - აცხადებს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველო" ბრალდებებს დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად აფასებენ.

"რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას - ეს არის მორიგი თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საქართველოში არ იარსებოს დამოუკიდებელმა მედიამ და თავისუფალმა სიტყვამ, ეს ყველაფერი დასრულდება 26-ში," - აცხადებს კოალიციის "ძლიერი საქართველო" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი.