„რაც უნდათ ის აპროტესტონ, ოღონდ ნუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, ნუ დაიწყებენ შტურმს პარლამენტზე, ნუ დაიწყებენ შეტევას პოლიციაზე“ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მარშის გამართვას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ოპოზიციას ნებისმიერი აქციის გამართვა შეუძლია, თუმცა მან ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს და კანონის ფარგლებში დარჩეს.

"ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ეს თითქმის 13 წელი, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ამას ცხადყოფს. თუ აქცია იმართება კანონის ფარგლებში, ვისაც რა უნდა ის გააპროტესტოს, რა რაოდენობის ხალხსაც რა უნდა ის გააპროტესტოს და გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება, თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, კანონის ფარგლებში. როდესაც რაიმე ტიპის აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებს, როგორც ეს იყო ნოემბრის აქციები, პირველი 5 დღე, ადამიანმა თავი უნდა დაიბრმავო, რომ ძალადობრივი არ უწოდო ამ აქციებს, რაც იქ ხდებოდა. რაც უნდათ ის აპროტესტონ, ოღონდ ნუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, ნუ დაიწყებენ შტურმს პარლამენტზე, ნუ დაიწყებენ შეტევას პოლიციაზე," - ამბობს ლევან მაჭავარიანი.