„რაც შეეხება საფრთხეს, დააკავებენ თუ არა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ცხადია რისკი არის ძალიან დიდი“ - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის" შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბადრი ჯაფარიძის საკითხის პროკურატურისთვის გადაცემას კენჭი უყარეს.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო, ხაზარაძის შემდეგ, "ლელოს" კიდევ ერთი დამფუძნებლის საქმე უწყებას დღის ბოლომდე გადაეცემა. მამუკა ხაზარაძის საქმეზე კი პროკურატურამ გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც "დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის არ შესრულებას" გულისხმობს და ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თანაგუნდელები შეფასებებს აკეთებენ. "ძლიერი საქართველოს" წევრების შეფასებით, საფრთხე იმისა, რომ  ხაზარაძე და ჯაფარიძე დააკავონ, რეალურია.

"ლელოს" ლიდერები თავად გააკეთებენ ამ საკითხზე კომენტარს. რაც შეეხება უშუალოდ საგამოძიებო უწყებას და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, მათ ამ ფარსის ნაცვლად, შეეძლოთ დაეწყოთ გამოძიება, შეეძლოთ მოეწვიათ ის პირები, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ რელევანტური აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით და მიმართონ ისევ სასამართლოს. რაც შეეხება საფრთხეს იმისა, დააკავებენ თუ არა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ცხადია რისკი არის ძალიან დიდი," - აღნიშნა "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლანა გალდავამ.

"რისკი უკვე რეალურია, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, ერთპარტიულ, "ქართული ოცნების" უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე,"
- განაცხადა "ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერები არ გამოცხადდნენ სხდომაზე, რომელზეც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი ეპიზოდი, შპს "მაგნატის" საქმე განიხილეს. ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ ქონების ჩამორთმევის სქემაზე ისაუბრა და გვარები დაასახელა, მათ შორის "თიბისის" დამფუძნებლები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ბიზნესის წართმევის საქმეში ფიგურირებდნენ.