"რაც აშშ-მა დაინახა საქართველოში, არის დემოკრატიული უკან დახევა. დავინახეთ მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის მკაფიო ნების საპირისპიროდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ" - ენტონი ბლინკენი

Antony Blinken

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში დემოკრატიის უკან დახევაზე საუბრობს. მედიის წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ ბლინკენი აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლა შემაშფოთებელია და ხელისუფლების ნაბიჯები უნდა შეიცვალოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიფინგი პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვა ეხებოდა დასავლელი მოკავშირეების ქმედებებს, მოლოდინებს და მაკრონის განცხადებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საქართველოში, ახალი არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან.

"რაც აშშ-მა დაინახა საქართველოში, არის დემოკრატიული უკან დახევა. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ასე რომ, როდესაც დავინახეთ ეს დემოკრატიული უკუსვლა, დავინახეთ მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის მკაფიო ნების საპირისპიროდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც მრავალი კითხვა გააჩინა, ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლად და ღიად ისაუბრონ, ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ ზომები. ჩვენ სანქციები დავუწესეთ პარტია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრებს, შევაჩერეთ აშშ-ის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, კანონის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, უნდა შეიცვალოს," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.