პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რა დამსახურებით მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ევროკომისიის დღევანდელ დასკვნამდე, მინიშნებები იმის შესახებ, რომ კიევი და კიშინიოვი სტატუსს მიიღებდნენ, ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ეს ინფორმაცია რამდენიმე გამოცემასთან საუბრისას ფაქტობრივად დაადასტურა. ემანუელ მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ ევროპა კარს უკრაინას ომის გამო, მოლდოვას კი გეოგრაფიული მდებარეობის გამო უღებს.
პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს შემთხვევაშიც გეოგრაფია და გეოპოლიტიკა ახსენა და განაცხადა, რომ საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის განსხვავებულ მდგომარეობაში სწორედ ამ ფაქტორების გამო აღმოჩნდა. საფრანგეთის ლიდერის პროგნოზები გამართლდა, რაც ქართული ოპოზიციისთვის დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდა ხელისუფლების კრიტიკისთვის. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველო ბრიუსელისთვის სწორედ გეოგრაფიული მდებარეობისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებული ინტერესის საგანს.
უკრაინაში მიმდინარე ომი რომ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ამაზე თბილისში მმართველი გუნდიც საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" დღეს ისევ განმარტეს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით საქართველო ყველა პარამეტრით წინაა.
გადაწყვეტილების მიღების დროს რომ ომი გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა იყოს, ამაზე მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა.
საომარი მდგომარეობა რომ ევროკომისიის დასკვნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილებისთვის ეს ერთადერთი მიზეზი ვერ იქნებოდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ერთად ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქვეყნების მზაობაც შეაფასეს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღების წინ მიუთითებდა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად განსხვავებული მდებარეობაა – ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა მოლდოველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მაკრონის ეს გზავნილი თბილისში არც ოპოზიციამ მოიწონა და არც მმართველმა გუნდმა, თუმცა ოპონენტების ნაწილი ამაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ნაწილი კი ოპოზიციასაც.
მმართველ გუნდში კი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან საქართველოს მდებარეობაზე მინიშნება საფრთხის შემცველად აღიქვეს. "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ ქვეყნის საგარეო მიმართულებას მხოლოდ გეოგრაფია არ განაპირობებს.
კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 1 კვირაში მიიღებს. ევროკავშირის სამიტი 23-24 ივნისს გაიმართება.