რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს. შეგნებულად და ხელოვნურად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც

რატი იონათამიშვილი

ეს არის აღიარება არა მხოლოდ იმის, რომ მათი მთელი კამპანია არჩევნებთან დაკავშირებით იყო სიყალბე და სიცრუე, არამედ ფაქტობრივი აღიარება არის, რომ მიზანმიმართულად მტრობდნენ ჩვენს ქვეყანას მოძალადე ექსტრემისტები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს. შეგნებულად და ხელოვნურად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც. ახლა, როდესაც თვითონ განადგურდნენ და დაზიანდნენ, ამ აღიარებითი ჩვენებით თუ ჰგონიათ, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაექცევა, ამაშიც ძალიან ცდებიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილი რიტორიკას ცვლის, რაც შიდა დაპირისპირების მიზეზად იქცა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ნიკა ობოლაძე საჯაროდ აღიარებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ მოიგო. ოპოზიციის ნაწილი ღიად აღიარებს იმასაც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგეს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აღიარებებიც გარე ძალების დავალების შედეგია.