პერუს კონგრესმა პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს თანამდებობიდან გადაყენებას დაუჭირა მხარი და თანამდებობაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ხოსე ხერი დაამტკიცა

ხოსე ხერი

პერუს კონგრესმა გვიან ღამით გამართულ სესიაზე პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს თანამდებობიდან გადაყენებას დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტის თანამდებობაზე კონგრესის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ხოსე ხერი დაამტკიცეს, რომელმაც მთავარ ამოცანად კრიმინალთან ბრძოლა დაასახელა.

კონსერვატიული პარტიის წევრი, 38 წლის ხოსე ხერი კონგრესის თავმჯდომარე ივლისში გახდა.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკურმა ბლოკებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მისცეს ხმა და ის კონგრესში დაიბარეს, თუმცა, დინა ბოლუარტე კანონმდებლების წინაშე არ გამოცხადდა.

კონგრესის წევრებს საკმარისი ხმები ჰქონდათ იმპიჩმენტის სწრაფი პროცედურის დასაწყებად.

კონგრესში კენჭისყრა პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციის ფონზე ჩატარდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დინა ბოლუარტეს რეიტინგი 2%-დან 4-%მდეა. მას ადანაშაულებენ თანამდებობის გამოყენებაში პირადი სარგებლის მიღების მიზნით და უკანონო გამდიდრებაში, აკრიტიკებენ ქვეყანაში რთული კრიმინოგენური სიტუაციის, ასევე წინამორბედის მხარდამჭერი აქციების დაშლის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

პერუში 2018 წლიდან ექვსი პრეზიდენტი შეიცვალა. სამი ყოფილი ლიდერი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.