1741893700
რამდენი ელჩის განცხადება შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც აბსურდია და არანაირ ობიექტურობას არ ეფუძნება... ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს, რომელიც ამბობს, რომ "დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული".
მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები აბსურდულ და არაობიექტურ განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან დაკავშირებით.
"იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, ვაკვირდებით, თუ როგორ უხეშად ერევიან კონკრეტული ქვეყნების დიპლომატები ჩვენს შიდა პოლიტიკაში, რამდენი ელჩის განცხადება შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც აბსურდია და აბსოლუტურად არანაირ ობიექტურობას არ ეფუძნება - იგივე გერმანიის ელჩი, რომელიც გამოირჩევა ამ კუთხით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩების დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილს ჩვენ ვკლავდით და ვაწამებდით და არცერთს ბოდიში არ მოუხდია.
ჩვენს გვახსოვს დანიის ფულით დაფინანსებული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, შეფუთეს ისე, როგორც დემოკრატიის ფესტივალი და ბოლოს ვნახეთ, რომ FREEMISHA-ს ბანერებით იყო ეს ყველაფერი მოწყობილი. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რადგან ჩვენ ვართ შემდგარი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.