რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ნიკა მელიას ადვოკატი

გიორგი კონდახიშვილი

"რაც არ უნდა წერონ და იკითხონ, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება," - ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 8-თვიანი პატიმრობა, თანამდებობის დაკავების აკრძალვა 2 წლით და 25 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

მისივე თქმით, ნიკა მელია ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

"რაც შეეხება ჯარიმას, არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის აღსრულებას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას - იგი ორჯერაა დაპატიმრებული, დღეს საერთოდ გამამართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინათ, მოგეხსენებათ, ნიკასთან მიმართებით არის დაპატიმრება გამოყენებული და ჯერ კიდევ წინ გვაქვს მოსამართლეზე წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა," - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმაც.

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ნორმატიული ბაზა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა ნამდვილად," - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. "კოალიცია ცვლილების" ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, მას აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია 25 000 ლარით დაჯარიმდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარმოებულ 2019 წლის საქმეზე.