1745989598
"ქართველი ხალხის ბრძოლას აქვს მხარდაჭერა, იმისთვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ დემოკრატიისა და ევროპულ გზაზე" - თეონა აქუბარდია

ამ წუთებში სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს. ცოტა ხანში კენჭს უყრიან საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს, მანამდე კი, თემაზე დებატები გაიმართება.
რა პირობებით დარჩება საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში?! - არ არის გამორიცხული, მონიტორინგის კომიტეტის პროექტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და, სადაც კონკრეტულ დათქმებზეა საუბარი, შესწორებები შევიდეს. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აპრილის სესიამდე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა ახალი არჩევნებისთვის. დოკუმენტში, ასევე, საუბარია ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ეფექტიან გამოძიებაზე და დაკავებულების გათავისუფლებაზე. "ქართულმა ოცნებამ" საპასუხო ცვლილებები მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ ახალი არჩევნების ჩასატარებლად, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ქართველი ხალხის ბრძოლას მხარდაჭერა აქვს. ამასთან, მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კრიტიკულად შეფასდა საქართველოში ჩატარებული არჩევნები.
"პირველად ხდება, PACE-ს რეზოლუციაში, ისე, როგორც შეფასებებში პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება და ახალი არჩევნები, რომელიც არის გზა ამ მნიშვნელოვანი კრიზისის განსამუხტავად. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კრიტიკულად შეფასდა ის არჩევნები, რომლის გაყალბებასთან დაკავშირებით და არაერთ დარღვევასთან დაკავშირებით, საკმაოდ კრიტიკული შეფასებები და პოზიციები გაისმოდა.
ქართველი ხალხის ბრძოლას აქვს მხარდაჭერა, იმისთვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ დემოკრატიისა და ევროპულ გზაზე," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
შეფასებები გაკეთდა "ძლიერ საქართველოს" წევრების მხრიდანაც.
"ცხადია, ეს დათქმები არის ჩვენი მოთხოვნის შესაბამისი, ჩვენ წარვადგინეთ უამრავი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების, უამრავი მტკიცებულება 300-ზე მეტი ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის. აუცილებელია, რომ ამ დათქმების შედეგად, შეიზღუდოს მანდატი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია გადარჩეს და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები," - განაცხადა ლანა გალდავამ.