ბათუმში კორპუსიდან ქალი გადმოვარდა
1736365947
ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას, ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება.
„უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ფაქტია, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე – უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ. საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში აცხადებენ, ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა.
„ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით – „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.