„ქართული ოცნების“ ამოცანაა პარტიების გაუქმება, მინდა, მივმართო ამ უბადრუკებს, მიდით, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, დღესვე გაგვაუქმეთ, რისი თავი გაქვთ - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტმა გუშინ უმნიშვნელოვანესი „მეგობარი აქტი“ დაამტკიცა. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, რა რეალობის წინაშე ვდგავართ, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„„მეგობარი აქტი“, ერთი მხრივ, ამბობს, რომ უნდა დაეხმარონ ქართველ ხალხს ინვესტიციების მოზიდვაში, ეკონომიკის განვითარებაში, სავიზო ლიბერალიზაციაში, ანუ აშშ-თან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გვეძლევა, თავდაცვის გაძლიერებაში და ვაჭრობის მიმართულებით მხარდაჭერაში და, მეორე მხრივ, ამბობს, ის ძალები, რომლებიც ხელყოფენ საქართველოს სუვერენიტეტს, ჩაგრავენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, მათ მიმართ იქნება გამოყენებული ძალიან მკაფიო ზომები – სანქციების და სხვა ძალიან კონკრეტული მიმართულებით. „მეგობარი აქტი“ ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ, ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნების“ იზოლაცია, ჩიხი და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და, მეორე მხრივ, არის უდიდესი შესაძლებლობა, მოვიპოვოთ დაცულობა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ განსაზღვრავს, რომ საქართველო ისეთი დაუცველი, როგორიც დღეს არის „ქართული ოცნების“ პირობებში, არასდროს ყოფილა.

„რუსული რეჟიმი მეტს რას გააკეთებდა, საოკუპაციო ძალები რომ იყოს საქართველოში – სუვერენიტეტს ხელყოფდა, პატრიოტებს მტრებად გამოაცხადებდა, ჩვენს პატრიოტ სამხედროებს მისცემდა პასუხისგებაში და იზოლაციაში მოაქცევდა ქვეყანას. სწორედ ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“. მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები როგორ უჭერენ მხარს, როგორ გულწრფელად გულშემატკივრობენ საქართველოს მომავალს. ზუსტად ამიტომ 31-ში ძალიან ბევრნი უნდა გამოვიდეთ რუსთაველზე. ზუსტად ამიტომ ჩვენ ერთხმად დიდი ხმა უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ, რომ ამერიკელ, ევროპელ მეგობრებს და, პირველ რიგში, ქართველ ხალხს ვუთხრათ, ძალა ჩვენშია, სიმართლე ჩვენშია. ჩვენ ამ საზოგადოების ის უმრავლესობა ვართ, რომელსაც გულწრფელად უნდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რომ მოიპოვოს დაცულობა, რომელიც არის გარანტია ქვეყნის ძალიან სწრაფი განვითარების. ხოლო იმ იზოლაციონისტებს, ანტიქართველებს, რომლებიც დღეს ჩვენს პატრიოტ სამხედროებს ასამართლებენ, ჩვენს ქვეყანას ასამართლებენ, უნდა მივუჩინოთ თავიანთი ადგილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „მეგობარი აქტის“ პარალელურად გუშინ გამოვიდა და გამოაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აპირებს.

„განცხადება რატომ დააჩქარეს, რომ „მეგობარ აქტზე“ კი არ ვისაუბროთ, თუ რამხელა შესაძლებლობა გვაქვს და როგორ გვაქცევენ იზოლაციაში, დაუცველად რომ გვტოვებენ მტრის წინაშე, არამედ ვისაუბროთ ამ ათას უბედურებაზე, რასაც საკუთარ განცხადებებში აკეთებენ. მათი ამოცანა ჩვენი გაუქმებაა, მაგრამ პარტიების გაუქმება რა არის, ქვეყანას გვიუქმებენ, სუვერენიტეტის ხელყოფა უნდათ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა, მივმართო ამ უბადრუკებს, მიდით, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, დღესვე გაგვაუქმეთ, რისი თავი გაქვთ? თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, საერთაშორისო სამართლით გაუქმებულები ხართ, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ადამიანების ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.