პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ჩინოსანი, ალექსეი არესტოვიჩი ჩვენს ქვეყანას უკრაინული ოკუპაციით დაემუქრა. თუ ვინმეს არესტოვიჩის ეს განცხადება ერთი ავანტიურისტის მორიგი იაფფასიანი პროვოკაცია გონია, ვფიქრობ, რომ ცდება. ის ფაქტი, რომ არესტოვიჩი, თავისთავად, ავანტიურისტი და პროვოკატორია, ჩემს დასკვნაში არსებითად არაფერს ცვლის.
შეგახსენებთ, რომ არესტოვიჩის მუქარას წინ უსწრებდა ლევან ბერძენიშვილის მიერ დასმული შეკითხვა - "ამერიკამ რომ ომი დაგვიწყოს, მერე რას შვებითო". არც ლევან ბერძენიშვილის ეს განცხადება მგონია ერთი ავანტიურისტის მორიგი იაფფასიანი პროვოკაცია.
მთავარი ისაა, რომ როგორც უკრაინის ხელისუფლების, ისე ქართული რადიკალური ოპოზიციის ჩინოსნები საერთო კოორდინაციით მოქმედებენ და ამ კოორდინაციის უკან ამერიკელები დგანან. საქმეში ჩაუხედავი ადამიანიც კი ხვდება, რომ ამერიკელები უკრაინის ხელისუფლების ქმედებებსა და რიტორიკას სრულად მართავენ. ისიც შეუძლებელია დავიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების სანქცირების გადაწყვეტილება უკრაინელებმა დამოუკიდებლად და ამერიკელების მითითების გარეშე მიიღეს.
იმ აღქმის გაღვივებაც, რომ თუ საქართველო დღეს ომში არ ჩაერთვება, მას, ადრე თუ გვიან, ომი მაინც მოუწევს, სწორედ ამერიკელების ინტერესებშია. შეგახსენებთ, რომ ნაციონალების მეშვეობით, ომის გარდაუვალობას ისინი მანამდე რუსებზე მითითებით გვიმტკიცებდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ თუ ომში ახლა არ ჩავერთვებოდით, რუსეთი უკრაინას დაამარცხებდა და შემდეგ უკვე საქართველოს მიადგებოდა. თუმცა, ჩანს, რომ ამ პროპაგანდამ არ იმუშავა და ახლა ისინი უკვე ამერიკულ-უკრაინული სამხედრო ინტერვენციით გვემუქრებიან.
ყველა ეს განცხადება საქართველოში ომის განწყობის შემზადებისკენ არის მიმართული. ყველაფრიდან ჩანს, რომ ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იმედი ჯერ ბოლომდე არ დაუკარგავთ და მათი აგენტურის გააქტიურება სწორედ ამის ნიშანია. უკრაინული სანქციებით ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მორიგი მცდელობაც სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოს ომის საფრთხე ბოლომდე გადავლილი ჯერ კიდევ არა აქვს.
აქედან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული სიფხიზლე და სიფრთხილე, რათა პროვოკაციებს არ წამოეგოს და გამანადგურებელ ომში საქართველოს ჩართვა საბოლოოდ აიცილოს თავიდან," - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.