პუტინის რუსეთი აგრესორია, ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, არის ან ბრიყვი ან ნაძირალა, ან ორივე ერთად - გიგა ბოკერია

ოპოზიციონერი

პუტინის რუსეთი აგრესორია, ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ან უმოქმედობისკენ მოგვიწოდებს, არის ან ბრიყვი ან ნაძირალა, ან ორივე ერთად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა, რომელიც დღეს სამარცხვინოდ ცდილობს შიშზე დაამყნოს თავისი ძალაუფლება, არის ნაწილი  ჩვენი სირცხვილის, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ.

„თავის დროზე, პრეზიდენტმა რეიგანმა ბოროტების იმპერია უწოდა საბჭოთა კავშირს და დღევანდელი პუტინის რუსეთი არის ლეგიტიმური მემკვიდრე - ესეც არის ბოროტების იმპერია, რომელიც ყველგან ებრძვის თავისუფლებას, ებრძვის თავისუფალ სამყაროს, ახლა ცდილობს, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და მათი სამიზნე ვართ ჩვენც, ისე, როგორც მთელი თავისუფალი სამყარო.

ყველა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და უფლება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ - ეს არის პუტინის აგრესიის სამიზნე აქ. ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ან უმოქმედობისკენ მოგვიწოდებს, არის ან ბრიყვი ან ნაძირალა, ან ორივე ერთად. ეს ხალხი ჩვენ უნდა ვამხილოთ. ეს მთავრობა, რომელიც დღეს სამარცხვინოდ ცდილობს, რომ შიშზე დაამყნოს თავისი ძალაუფლება, არის ნაწილი ამ ჩვენი სირცხვილის, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ, თუ გვინდა, რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან და ვიყოთ თავისუფალი, ნორმალური, დაცული ქვეყანა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.