პროცესები და პროვოკაციები, რაც აქციაზე ვითარდებოდა, მთლიანობაში აქციას არამშვიდობიან სახეს აძლევდა, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტება არცერთ შემთხვევაში სწორი არ არის - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

პროცესები და პროვოკაციები, რაც აქციაზე ვითარდებოდა, მთლიანობაში აქციას არამშვიდობიან სახეს აძლევდა, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტება არცერთ შემთხვევაში სწორი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი აღნიშნული კომენტარით რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ყველა შევეჩვიეთ იმას, რომ აქციებს, რომელსაც ეს ადამიანები და მათი ლიდერები აწყობენ, მშვიდობიანი სახე და ფორმა არ აქვს. ვუყურებდით, ერთ ადგილზე განლაგებული პოლიციის მიმართ როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეები. ისინი პოლიციელებს ქვებს და მძიმე საგნებს ესროდნენ. ვიცით, რომ 30-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული. რა თქმა უნდა, პროცესები და პროვოკაციები, რაც აქციაზე ვითარდებოდა, მთლიანობაში აქციას არამშვიდობიან სახეს აძლევდა. პოლიციის ვალდებულებაა, აქცია მართოს. მათ მიერ გამოყენებული საშუალებები კანონით დაშვებულია. რამდენად არასასიამოვნო სანახავიც არ უნდა იყოს პოლიციის მხრიდან აქციის მართვის პროცესი, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება და სახელმწიფო ასე ფუნქციონირებს. აქციაზე დაშავებული ადამიანების გამო ძალიან ვწუხვარ, მათ შორის ჟურნალისტების. ინფორმაცია მაქვს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, როცა ასეთი პროცესები მიმდინარეობს, ეს ყველაფერი ერთიან სურათს ქმნის და, რა თქმა უნდა, დაზღვეული არ ვართ, ასეთი დაზიანებები არ მოხდეს. არ მივესალმები იმ კადრებს, რასაც ვუყურეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება იმ თანამშრომლების მიმართ, ვისი მხრიდანაც ძალადობა განხორციელდა. ერთეული ფაქტების და დაშავებული ჟურნალისტების გამო ძალიან ვწუხვარ. გამოძიება თავის შედეგებს დადებს. რა თქმა უნდა, ძალის გადამეტება არცერთ შემთხვევაში სწორი არ არის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.