პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ბატონი დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობს ე.წ. „დიფ სტეიტზე“, რომელიც, მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, ბატონმა დონალდ ტრამპმა, მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. „დიფ სტეიტთან“ დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სწორედ „დიფ სტეიტის“ შედეგია აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის უსამართლო გადაწყვეტილებები. კობახიძემ ტრამპს წარმატებები უსურვა არაფორმალურ გავლენებთან და „დიფ სტეიტთან“ ბრძოლაში.

„მან [ტრამპმა] განაცხადა ასეთი რამ - ან „დიფ სტეიტი“ დაანგრევს აშშ-ს ან აშშ დაანგრევს და მოშლის „დიფ სტეიტს“. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში სწორედ „დიფ სტეიტი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ ხოლმე ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან - ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან. პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სტეიტს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ბატონი დონალდ ტრამპი ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება - გამოჩნდება ის, თუ რამდენად შეძლებს „დიფ სტეიტის“, არაფორმალური გავლენების დამარცხებას. პრეზიდენტ ტრამპს მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.