პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ

ირაკლი კობახიძე პარლამენტში

2024 წლის 8 თებერვლიდან არცერთი ქონება, არა თუ უნივერსიტეტი, მიწა ან რომელიმე სხვა, არცერთი ქონება არ გასხვისებულა აუქციონის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირმა - კახა ბენდუქიძემ 1 ლარად საკუთარ თავს მიასხვისა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქონება, ეს კორუფციაზე ბევრად მეტია.

„კიდევ ერთხელ, ბოდიშს ვიხდი, გარდაცვლილი ადამიანია, მაგრამ რასაც ის აკეთებდა, რასაც სააკაშვილის დედა აკეთებდა, 1 ლარად მანაც წაიღო უნივერსიტეტი, ასეთი რამ არ მომხდარა 2012 წლის შემდეგ. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ასეთი სამარცხვინო რამ, შუბლის ძარღვი რომ გაქვს გაწყვეტილი, არ მომხდარა 2012 წლის შემდეგ. პრეზიდენტის დედა, მინისტრი, უმაღლესი თანამდებობის პირი, საკუთარ თავზე რომ ყიდის 1 ლარად სტრატეგიულ ქონებას, უნივერსიტეტს, ერთს, მეორეს, ეს უბრალოდ კატასტროფაა. მაშინ ასე კარაქივით გადიოდა ყველაფერი. თქვენ ხომ აცხადებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ყალბი, გეუბნებით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან არცერთი ქონება, არა თუ უნივერსიტეტი, მიწა ან რომელიმე სხვა, არცერთი ქონება არ გასხვისებულა აუქციონის გარეშე. ყალბი კი არ არის ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, არც ბენდუქიძის პრაქტიკა გვინდა, არც გიული ალასანიას პრაქტიკა გვინდა, არც სააკაშვილის, არც „ნაცმოძრაობის“ და არც რომელიმე სხვა ადამიანის“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო ტენდერებში მმართველი გუნდის შემომწირველი ბიზნესმენების მონაწილეობის დაკავშირება კორუფციასთან სპეკულაცია და მანიპულაციაა.

„მიჰყავდათ მოდულის შენობაში ბიზნესმენები და მილიონს ქეშად მიატანინებდნენ. ეს იყო მაშინდელი პრაქტიკა, ბენდუქიძის, გიული ალასანიასი და სააკაშვილის დროინდელი პრაქტიკა. ჩვენს დროს არის სრულიად განსხვავებული პრაქტიკა. ბიზნესმენს რომ უნდა დღეს, ქვეყანაში ბიზნესის სრული თავისუფლების პირობებში, მმართველი პარტიისთვის ფულის შეწირვა, აქ არაფერი კორუფცია არ არის. მერე ამ ბიზნესმენების მცირე ნაწილი ტენდერებში რომ მონაწილეობს და ტენდერს რომ იგებს, სამართლიან პირობებში და მთლიანად გამჭვირვალე გავხადეთ ჩვენ ეს პროცედურა, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და თანაბარ პირობებში მოიგოს ტენდერი, სად არის აქ კორუფცია. რაიმე სივრცე, ხვრელი რომ იყოს ამ პროცედურებში, მთლიანად ონლაინ ფორმატში წარიმართება უკვე სატენდერო პროცედურები, პლატფორმა შეიქმნა, ვერავითარ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეიტანს კორექტივებს ამ პროცესებში. ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, რა პრაქტიკაც იყო დამკვიდრებული, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, ზუსტად ამიტომ მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ. ყველა აკვირდება ამ პროცედურებს და ვერავის ვერ შეექმნება უპირატესობა ამ კონკურენციაში. ამით ვაზღვევთ ჩვენ, დანარჩენი არის სპეკულაციები. ის, რომ ვიღაცამ თან 30 000 ლარი შეწირა პარტიას და თან ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა, ეს არავითარი არგუმენტი არ არის კორუფციასთან დაკავშირებით, ცარიელი სპეკულაციებია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.