პრემიერი: სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, არ შეიძლება, გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე განახევრებულია

კობახიძე პარლამენტში

სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდის დროს, 2020 წელს გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე.

„რეალურად, ბაზა არის გადასახედი. არ შეიძლება, გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. ჩვენ ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ მხოლოდ 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია ამ 708 ათასიდან დაახლოებით 8%. ეს არის პირველადი ანალიზი. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც არსებითად არ მომხდარა 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.