გრძელდება ბრალდების მხარის გაკვირვება, მესმის, რომ მათ სასაუბრო არაფერი აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და სვამენ იმგვარ შეკითხვებს, რომელიც საერთოდ აცდენილია რეალობას - ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი

ლევან ვეფხვაძე

ძმები დავით და გიორგი მიქაძეები ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებენ. მათი და გიორგი ჯოხაძის ახლობლები დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში ჯანგველაძის მხარის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია ავტომობილი. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რამდენიმე კი განარიდეს. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე გამოჰკითხეს.

"დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ ნახეს გელა უძილაური, რომელიც მათი ცნობით იყო გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი, მარტო მივიდა 15 მარტს, მათ ასევე დაადასტურეს, რომ 15 თებერვალს ნახეს და ამოიცნეს გიორგი ჯოხაძე, რომელიც შეხვდა მათთვის უცნობ პირებს, რომელიც გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ჯერ შეხვდა დავით მიქაძეს და შემდეგ გიორგი მიქაძეს. ერთის მხრივ უარყოფენ დავით მიქაძის სასტუმროში მისვლას მაშინ, როცა დავით მიქაძემ ინტერვიუ მისცა იმის თაობაზე, რომ ვიმყოფებოდი პირად საქმეზეო. მეორეს მხრივ, სვამენ შეკითხვას, რომ თითქოს გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე ერთმანეთს არ იცნობენ. გრძელდება ბრალდების მხარის გაკვირვება იმიტომ, რომ მესმის, რომ მათ სასაუბრო არაფერი აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და სვამენ იმგვარ შეკითხვებს, რომელიც საერთოდ აცდენილია რეალობას", - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.