1741106618
პრემიერი: საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებისგან, ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება

საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და რაც მთავარია, სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებისგან, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, - განუცხადა ჟურნალისტებს უზბეკეთში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში კონკრეტული მედიასაშუალებები პოლარიზაციის მთავარ წყაროდ არიან ქცეულნი, რაც, მათ შორის, აღიარებულია ეუთო/ოდირის დასკვნებით და ეს არ შედის საზოგადოების ინტერესებში.
„სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციალური ამოცანა. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ის სიძულვილი და სიცრუე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ასეთი რამ დასრულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება.
გადავხედოთ, ვინ დარდობს ამ კანონზე - ესენი არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილსა და სიცრუეს, გარე-დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები. არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანაში სიცრუის და სიძულვილის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმს და მარტო ისინი დარდობენ, აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად ჩანს. რატომ არ აწუხებს სხვა ტელევიზიებს ის, რომ მათ არ შეეძლებათ სიძულვილის და სიცრუის ტირაჟირება, ალბათ იმიტომ, რომ ეს არ შედის მათ ინტერესებში. მაგრამ არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი დაკვეთა - დათესონ სიძულვილი და სიცრუე, მაქსიმალურად, ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ ისინი და მათი პოლიტიკური პარტიები დარდობენ. რაც შეეხება აღსრულებას, ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად. ყველას შეეძლება დააკვირდეს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო მიიღებს. იმდენად მკაფიო კრიტერიუმებია განსაზღვრული დღეს მოქმედი კანონითაც, რომ აქ დიდი სივრცე ინტერპრეტაციისთვის არც არის დატოვებული, ეს ნორმები მანამდეც მოქმედებდა, უბრალოდ იყო არაეფექტური, ვინაიდან თვითრეგულირების სივრცეში ხვდებოდა შესაბამისი ნორმების აღსრულება. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ხდებოდა მათი აღსრულება. თვითრეგულირებიდან ეს ყველაფერი გადავა რეგულირებაში, ანუ კონკრეტული სახელმწიფო ორგანო იქნება პასუხისმგებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, დანარჩენს საზოგადოება დააკვირდება და საზოგადოება იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენად ობიექტურად მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი,“ - აღნიშნა პრემიერმა.