რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1757328520
სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მრავალი მლნ ლარის დაზოგვა შევძელით, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით ჯამურად 700 მლნ ლარზე მეტია დანაზოგი, აღნიშნული მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზეა ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი და რაციონალური გამოყენება.
„როგორც მოგეხსენებათ, ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასული თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით, ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც მოქმედებენ ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ. მთლიანობაში, სახელმწიფო საწარმოების ნაწილში, წლიურ ჭრილში დანაზოგმა შეადგინა, 700 მლნ ლარზე მეტი, ეს შეეხება როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე უახლოეს კვირებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელეთ, თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალა, შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები და ამ ყველაფერმა მოგვცა, საბოლოო ჯამში, ცვლილებების განხორციელების საშუალება. ეს შეეხება ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს, რკინიგზასა და სხვა საწარმოებს. რკინიგზასა და სხვა სახელმწიფო საწარმოებზე მოგვიანებით მოგახსენებთ, დღეს მინდა, დეტალურად მოგახსენოთ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე. ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენ, წლიურ ჭრილში, მივიღეთ 22.6 მლნ ლარის დანაზოგი, რაც შთამბეჭდავი შედეგია. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებასა და ა.შ. ამ ნაწილში, ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა 348.6 მლნ ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებითა და მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისობრივად გაუმჯობესება. ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას, შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების რესურსების გაძლიერებას და რამდენად შეუწყობს ეს ყველაფერი ეკონომიკის განვითარებას ხელს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ეს დაზოგილი თანხები მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გარდა საწარმოებისა, ოპტიმიზაცია განხორციელდა სამინისტროებშიც და ჯამში, ამ ყველაფერმა, მთავრობას მრავალი მლნ ლარის დაზოგვის საშუალება მისცა.
„როგორც მოგეხსენებათ, რეორგანიზაცია განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქაც, წლის ჭრილში, ჯამურად დაიზოგა 2 მლნ 641 ათასი ლარი, რაც ასევე შთამბეჭდავი შედეგია მთლიანი სახელფასო ფონდის გათვალისწინებით. ასევე, თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია და დანაზოგმა შეადგინა 6 მლნ 463 ათასი ლარი. აქაც შთამბეჭდავი შედეგია. არამხოლოდ შეასუსტებს ეს ყველაფერი შესაბამისი სამინისტროების საქმიანობას, არამედ ეს ოპტიმიზაცია ხელს შეუწყობს, რომ სამინისტროებმა კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესონ საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, ჯამურად, დაიზოგა 2 მლნ ლარი. ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, ყველა სახელმწიფო უწყებასა და საწარმოში გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს და არც თუ ისე მცირე იყო მათი რაოდენობა, მიეღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის მისაღები პრაქტიკა და შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხეთ ამ პრაქტიკას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით. მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგვცა სახელმწიფო უწყებებში და საწარმოებში, მთლიანობაში, მრავალი მლნ ლარის დაზოგვის შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.