1692302192
პრემიერი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი, სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ საფუძველს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, სამსახურის პირად შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„თქვენი მისიის ჭეშმარიტი არსია, იზრუნოთ არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ მისიებზე. თქვენ იცავთ ინსტიტუტებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას და იცავთ თავად ქართულ სახელმწიფოებრიობას - ჩვენს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგს და უსაფრთხოებას. სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. სამსახურის 13 სტრუქტურული ერთეული სრულყოფილად ფარავს უსაფრთხოების ყველა ასპექტს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში ასრულებს მუდმივად მზარდ როლს და ამ ყველაფერში მე მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ბატონი ანზორ ჩუბინიძის პირადი წვლილი. ჩვენ ყველა ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში როგორ ზრუნავს ის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ანზორ ჩუბინიძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცათ გრიგორი ურიდიას, ჯაბა გამჯაშვილს, თორნიკე ჯანელიძეს, ზურაბ დარბაისელს და ალექსანდრე ქურდაძეს. ღირსების მედლით პრეზიდენტმა ილია შუბითიძე, ლევან ცეცხლაძე, ირაკლი ნათენაძე და გიორგი ნატრაძე დააჯილდოვა.