პრემიერი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსს: გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს

ირაკლი კობახიძე

ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლის ადრესატები არიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

„რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!

ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“, - ნათქვამია წერილში.